TorpedoNew Vision University
TorpedoNew Vision University

ისტორია

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ 1946 წელს ქუთაისის ავტოქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბდა. კლუბი საქართველოს სსრ-ის პირველ სამ ჩემპიონატში მონაწილეობდა „ქუთაისის“ სახელით და 1949 წელს ამ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

1962-1970, 1982-1983, 1985-1986 წლებში ტორპედო საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა.

1990 წლიდან ჩამოყალიბებული საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქუთაისის ტორპედოს 4-ჯერ აქვს მოგებული. ასევე, კლუბი არის საქართველოს თასის 10-გზის ფინალისტი, საიდანაც 5 მოგებული აქვს. საქართველოს სუპერთასის 4 ფინალიდან ტორპედომ 2-ში გაიმარჯვა.

კლუბის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი ჯემალ ხერხაძეს უჭირავს, რომელიც ქუთაისის ტორპედოს ღირსებას 15 წელი ფეხბურთელის, ხოლო 11 წელი მთავარი მწვრთნელის ამპლუაში იცავდა. 1962–1976 წლებში ჩატარებულ 337 მატჩში მან 82 გოლი გაიტანა. მის წარმატებულ თამაშს უკავშირდება ქუთაისის ტორპედოს ღირსეული ასპარეზობა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში. ჯემალ ხერხაძე ქუთაისის ტორპედოს წვრთნიდა 1977-84 და 1987-2000 წლებში და სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა კლუბმა პირველი ტიტული - 1999 წლის საქართველოს თასი.

დავით ყიფიანისა და რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით ტორპედომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 2000-2002 წლებში ზედიზედ სამჯერ მოიგო. აქედან 2001 წელს კლუბმა ჯერ-ჯერობით ერთადერთი დუბლის შესრულებაც შეძლო და ჩემპიონობასთან ერთად საქართველოს თასიც აიღო.

მეოთხე ჩემპიონობა ქუთაისის ტორპედომ 2017 წელს კახაბერ ჩხეტიანის ხელმძღვანელობით მოიპოვა, რომელმაც ამ ტიტულის გარდა 3-ჯერ საქართველოს თასის (2016, 2018 და 2022 წლებში) და 2-ჯერ სუპერთასის (2018 და 2019 წლებში) მოგებაც შეძლო.

History Compilation of Torpedo FC